English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ავთანდილ სულაბერიძე იოსებ არჩვაძე ვლადიმერ სულაბერიძე ნატალია კოპალეიშვილი
„ბეიბი ბუმიდან“ დეპოპულაციამდე

ანოტაცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოში მკვეთრად შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოკვდაობა, ემიგრაციის მასშტაბები, თითქმის 7 წლით მოიმატა საქართველოს მოსახლეობის მედიანურმა ასაკმა. განვლილი სამ ათეულზე მეტი წლის მანძილზე ყოველ ხუთიდან ოთხ წელიწადში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საჭირო დონეს ჩამორჩებოდა. აღნიშნული კოეფიცენტი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის საკმარის დონეზე (2.1) მაინც რომ ყოფილიყო, საქართველოში დაიბადებოდა ფაქტობრივზე 272 ათასით (18.4%-ით) მეტი ბავშვი, ანუ რაოდენობით იმაზე გაცილებით მეტი, რამდენიც ცხოვრობს ამჟამად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. დღეისათვის მთავარ გამოწვევად, ეგზისტენციური საფრთხის მატარებელ პრობლემად ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ეთნოსისათვის ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება ყალიბდება, რაც ასახულია მოტანილ სტატიაში.

 საკვანძო სიტყვები: შობადობა; დემოგრაფიული კოლაფსი; დეპოპულაცია; კოულის ინდექსი; დემოგრაფიული პოლიტიკა.

 შესავალი

საქართველოში, ევროპის და მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნების მსგავსად დამთავრდა შობადობის და მოკვდაობის მაღალ დონეზე კვაზი-წონასწორობის ერა და დადგა შობადობის დაბალ და მოკვდაობის დაბალ დონეზე წონასწორობის ახალი ეტაპი, რომლისთვისაც განსხვავებით წინა პერიოდებისა, ნაცვლად მოსახლეობის ახალგაზრდული სტრუქტურისა, ძირითადად დამახასიათებელია დაბერებული მოსახლეობა, სადაც მოკვდაობააჭარბებს შობადობას და აღინიშნება დეპოპულაცია, ანუ 1950-1960-იანი წლების მიჯნაზე დაფიქსირებული „ბეიბი მუმი“ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დეპოპულაციამ შეცვალა და დღესაც გრძელდება. ამ პროცესში ძირითადად მონაწილეობდა 1955-2022 წლებში დაბადებული ორი რეპროდუქციული ასაკის თაობა, რომელთა რეპროდუქციულმა ქცევამ ურთიერთ განსხვავებული როლი შეასრულა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაში, განსაკუთრებით შობადობის თვალსაზრისით.

თანამედროვე ეტაპზე საქართველო შობადობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც „ბეიბი ბუმის“ პერიოდიდან ევოლუციურად ნელ-ნელა განვითარდა და 1990-იანი წლებიდან რევოლუციური სახე მიიღო და ამჟამად კრიტიკულ დონეზეა. აღნიშნულზე არსებითი გავლენა იქონია, როგორც გლობალურმა დემოგრაფიულმა (მეორე და მესამე დემოგრაფიულმა გადასვლამ), ისე ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ნეგატიურმა ფაქტორებმა.

 გამოკვლევის შედეგები კატასტროფიულია და დემოგრაფიულ კოლაფსზე მეტყველებს, რომლის იქით გრძელვადიანი მაღალი დონის დეპოპულაციის კონტურები მოსჩანს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის ორი თაობის შედარებით, შობადობის შემცირებაზე მოქმედი დემოგრაფიული ფაქტორების წარმოჩენა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას. გამოკვლევით მიღებული ინფორმაცია ერთი მხრივ წარმოდგენას იძლევა საქართველოში არსებული ნეგატიური დემოგრაფიული ვითარების მოსალოდნელ განვითარებაზე, მეორე მხრივ, მოსახლეობის დამოკიდებულებაზე აღნიშნული ვითარებისადმი და მის მზაობაზე, მიმართოს პირადი და საკუთარი ოჯახის ძალისხმევა აღნიშნულ სფეროში პოზიტიური რეპროდუქციული ქცევის ტრენდის ჩამოსაყალიბებლად.

მეთოდოლოგია

სტატიაში შობადობის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საკითხებთან ერთად გამოყენებულია საქსტატის ოფიციალური დემოგრაფიული მონაცემების და ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2023 წლის მაის-ივნისში ჩატარებული საქართველოს ოჯახში არსებული დემოგრაფიული ვითარების შერჩევითი გამოკვლევის შეჯერებული ანალიზი; მონაცემები აბორტების შესახებ მიღებულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ნორვეგიული მოდელის საფუძველზე დაფუძვნებული ელექტრონული მოდულიდან (ე.წ. „დაბადების რეგისტრი“).

სოციოლოგიური კვლევის შერჩევამ მოიცვა საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის ყველა რეგიონი. გამოკითხული იყო სულ 1891 რესპოდენტი, მათ შორის 605 (32.0%) - მამაკაცი და 1286 (68%) - ქალი. ამასთან, გამოკითხულთა წილი რესპოდენტთა საერთო რაოდენობაში მაქსიმალურად იყო მიახლოებული შესაბამისი რეგიონის მოსახლეობის წილთან საქართველოს მთელ მოსახლეობაში.

ამასთან, რამდენადაც კვლევის ძირითად მიზნს-დემოგრაფიული ქცევის (კერძოდ შობადობის) შესწავლა წარმოადგენდა, ამატომ მასზე მოქმედ დემოგრაფიულ ფაქტორთა უკეთ შესწავლის მიზნით, წინასწარ დავუშვით: 1. ქალთა მეტობა მამაკაცებზე, რამდენადაც შობადობის დონე უწინარესად დამოკიდებულია ფერტილურ ქალთა რაოდენობაზე და მათში ფორმირებულ ბავშვთა რაოდენიბრივი ყოლის მოთხოვნილებაზე და მის რეალიზაციაზე. 2. ,ასაკობრივი სტრუქტურის შერჩევა შემდეგნაირად განაწილდა: 15-29-წწ. 50%, 25-25 პროცენტი კი, შესაბამისად, 30-39 წლის და 40-49 წლის რესპოდენტები. 3. გამოკითხულთა 62.3 პროცენტს უმაღლესი და არასრული უმაღლესი განათლება გააჩნია, საშუალო ზოგადი განათლების მქონენი მეოთხედზე მეტია (25.4%); არასრული საშუალო განათლების მქონე რესპოდენტების რაოდენობა 1.2 პროცენტს არ აღემატება. 4. პროგნოზული გათვლებისთვის გამოკითხვაში საკმაოდ მაღალი იყო სტუდენტების წილი რესპოდენტთა საერთო რაოდენობაში – თითქმის ყოველი მეხუთე (18.2%), მაშინ როდესაც სტუდენტთა რაოდენობა ქვეყნის 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში 5 პროცენტს არ აღემატება. 

კვლევის შედეგები

შობადობის დონის ცვლილების შეწავლა, განსაკუთრებით ხანგრძლივ პერიოდში ეფუძნება ინფორმაციას ცოცხლად დაბადებულთა და 15-49 წლის ასაკის ქალების რაოდენობის თანაფარდობის დინამიკას, შეიძლება ითქვას, რომ 1959-1992 წწ. პერიოდი დემოგრაფიული თვალსაზრისით სტაბილური იყო და ევოლუციური განვითარების ხასიათი ჰქონდა, რასაც ძირითადად დემოგრაფიული ფაქტორები განაპირობებდა. კერძოდ, „ბეიბი ბუმის“ და მომდევნო წლებში (1970-1990-წ.წ) შობადობის მაღალ დონეზე სტაბილიზციას ხელი შეუწყო 1950-იან წლებში დაბადებული ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობრივმა ზრდამ, რაც ნათლად ჩანს დიაგრამა 1-დან. 

დიაგრამა 1.        დაბადებათა და 15-49 წლის ასაკის ქალების რაოდენობის დინამიკა საქართველოში 1959-2020 წლებში (აბს)

 

წყარო:      წულაძე გ. .. “საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ”. 2007. გვ.16; 2000-2020 საქსტატის მონაცემები.

როგორც ანალიზიდან ირკვევა 1959-1970 წლებში ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობის მატების მიუხედავად, დაბადებათა რაოდენობა საქართველოში მცირდებოდა. 1990 წლიდან, ფერტილური ქალების რაოდენობის შემცირების ტენდენციასთან ერთად იგი კიდვ უფრო მეტად შემცირდა მომდევნო წლებში. 2022 წლისთვის, 1959 წელთან შედარებით საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების რაოდენობის 10%-ით კლების ფონზე, 2-ჯერ შემცირდა შობადობა, 1994 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში გასული ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობა ჭარბობდა შემოსულთა რაოდენობას. სხვადასხვა წლებში ქალთა საეთო მიგრაციულ სალდოში 77.3%-დან 86.8%-მდე ვარირებდა ფერტილური ასაკის ქალები, რამაც არსებითი გავლენა იქონია შობადობაზე. 1970-იანი წლებიდან შობადობის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე დმოგრაფიულმა გადასვლამ, რომლის თანახმად შობადობის შემცირებაზე არსებითი გავლენა იქონია ოჯახში ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებით კონსერვატიული ფსეულობების შეცვლამ, რაც ბუნებრივია რეპროდუქციულ ქცევშიც, კერძოდ, ბავშვთა რაოდენობრივი ყოლის მოთხოვნილების შემცირებაში აისახა. მრავალშვილიანობის (5 და მეტი ბავშვი) ნაცვლად ოჯახში დამკვიდრდა მცირეშვილიანობა (1-2 ბავშვი). გართულებულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მაღალ ემიგრაცულ პროცებთან (მესამე დემოგრაფიული გადასვლა) ერთად, სწორედ ეს გახდა შობადობის მკვეთრი შემცირების და 1993 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებული დეპოპულაციის ძირითადი ფაქტორი. აღნიშნული მოვლენების შედეგად 2000 წლებიდან დამთავრდა პირველი დემოგრაფიული გადასვლა და ფორმირება დაიწყო უახლსმა ე.წ. პროგრესულმა ტიპმა.[1]

ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების გავრცელების შემდეგ შობადობის ფაქტობრივი დონე ბუნებრივი შობადობის დონეზე ნაკლები იყო, ანუ ბოლომდე არ რეალიზდებოდა შობადობის პოტენციალი. ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, მაგრამ შობადობის არსებული დონე ძირითადად მისი რეალიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.

ცხრილი 1. საქართველოს მოსახლეობის შობადობის ფაქტობრივი დონე და ბუნებრივი შობადობის ჰიპოტეზური მინიმუმი (ბშჰმ) 1958[2]-2022 წწ.,%

წლები

შობადობის ზოგადი კოეფიციენტი

ბუნებრივი შობადობის ჰიპოთეზური მინიმუმი (ბშჰმ)

(შზკ)–(ბშჰმ) (-1)

ბშჰმ-ის განხორციელების შედარებითი ხარისხი (დონე), % ( )

1958-1959

23.8

49.7

25,9

47.9

1969-1970

19,0

46.5

27.5

40.9

2000

11.8

34.9

23.18

33.7

2010

14.6

49.5

34.95

29.5

2014

11.4

39.4

28.04

28.9

2022

11.4

40.30

28.9

28,3

ცხრილი 1-ში მოტანილი ბუნებრივი შობადობის ჰიპოტეზური მინიმუმის (ბშჰმ) მაჩენებლები ასახავენ, თუ რა დონით რეალიზდებოდა, საქართველოს ქალთა რეპროდუქციული პოტენციალი 1958-2020 წლების მანძილზე. აღსანიშნავია 2010 წელი, როდესაც ბშჰმ-ს მაჩვენებელი 1958-1959 წწ. დონის (%) ტოლი იყო, მაგრამ ამ წელთან შედარებით სწორედ რეპროდუქციული პოტენციალის დაბალი რეალიზაციის დონის (29,5%) გამო, 2010 წლის შობადობის ზოგადი კოეფიციენტი (14,6 პრომილე) 34.95 პუნქტით დაბალი აღმოჩნდა 1958-1959 წწ. ანალოგიურ მაჩვენებელზე, რაც თავის მხრივ განაპირობა 1958-1959 წწ. შედარებით ქალთა რეპროდუქციული პოტენციალის 17,6%-ით (შესაბამისად 47.9 და 29,5%) ჩამორჩენამ. ამასთან, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი ბუნებრივი შობადობის ჰიპოტეზურ მინიმუმთან შედარებით 34,95 პუნქტით ნაკლები აღმოჩნდა. ცხრილი 1-ში მოტანილი გაანგარიშებები ანალოგიურს ადასტურებენ სხვა წლებშიც.

გაანგარიშებებმა გვიჩვენა, რომ ზემოაღნიშნული მეორე დემოგრაფიული გადასვლის შედეგად რეპროდუქციულ ქცევაში მომხდარი ცვლილებების გამო 1990-2000 წლებში, საქართველოში, შობადობის ინტენსივობის კლებას რომ არ ჰქონოდა ადგილი დაიბადებოდა 807,8 ათასი ბავშვი, ამ უკანასკნელი მიზეზის გამო დაიბადა 117,6 ათასით ნაკლები. ამასთან, დაბადებულთა რაოდენობის კლების 62,3% განაპირობებული იყო სწორედ რეპროდუქციულ ქცევაში მიმდინარე ცვლილებებით, ხოლო 37,7% კი ასაკობრივი სტრუქტურის გაუარესებით.

შობადობის პოტენციალის რეალიზაციის ხარისხის გასაზომად ასევე გამოიყენება კოულის ინდექსები [Coale A. 1965; Coale A. 1969], რომელთა მნიშვნელობა ყოველთვის ერთზე ნაკლებია. რაც უფრო ნაკლებია იგი ერთზე, მით უფრო გავრცელებულია ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება. ამასთან, კოულის ინდექსების ერთობლივად გამოყენება შობადობის ცვალებადობის ახსნის კარგ საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, კოულის ინდექსების ერთობლივად გამოყენება შობადობის ცვალებადობის ახსნის კარგ საშუალებას წარმოადგენს.[3]

დიგრამა 2-ზე მოტანილი კოულის ინდექსებიდან გამომდინარეობს, რომ 1959-1970 წლებში შობადობის შემცირება ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირების ზრდით იყო გამოწვეული, ხოლო 1970-იან წლებში შობადობის კლებას უფრო საქორწინო სტრუქტურის გაუარესება განსაზღვრავდა.

დიაგრამა 2. კოულის ინდექსების ცვლილება საქართველოში 1959-2022 წლებში

 

წყარო:    წულაძე გ. საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ. 2007. გვ. 16; 1959-1999 წწ. გ. მელაძე, გ. წულაძე. საქართველოს მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები. თბილისი, 1997, გვ. 10; 2000-2022 წწ. ჩვენი გაანგარიშებით.

მეორე დიაგრამიდან ჩანს, რომ 1970-1979 წლებთან შედარებით, 1979-1989 წლებში მცირდებოდა საერთო შობადობის ინდექსი. მასთან შედარებით იმავე 1979-1989 წლებში უფრო მეტად მცირდებოდა ქორწინებითი შობადობის ინდექსი, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო ნაკლები იყო 1970-1979 წლების მაჩვენებელზე. მისი შემცირების ტენდენცია კიდევ გაგრძელდებოდა 1980-იან წლებში რომ არ გაუმჯობესებულიყო მოსახლეობის ქორწინებითი მდგომარეობა (გაიზარდა ფერტილური ასაკის ქორწინებაში მყოფ ქალთა წილი).

1990-იანი წლები უპრეცედენტო იყო დაბადებათა ინტენსივობის ცვლილების თვალსაზრისით. 1989 წლიდან 1999 წლამდე, ათი წლის განმავლობაში, საერთო შობადობის კოულის ინდექსი თითქმის ისეთივე სიდიდით შემცირდა, რაც წინა 30 წლის განმავლობაში, 1959 წლიდან 1989 წლამდე. ამასთან, რამდენადაც ქორწინებითი შობადობის კოულის ინდექსი რეპროდუქციულ ქცევაში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს, მისი კლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საერთო შობადების ინდექსის კლება, რამდენადაც იმავე დროს მნიშვნელოვნად შემცირდა ქორწინებაში მყოფი ფერტილური ასაკის ქალების წილის ინდექსი, რაც სტრუქტურული ცვლილებების, გაუარესებაზე მეტყველებს.

1990-იან წლებში გაიზარდა ქორწინების გარეშე შობადობის კოულის ინდექსი. 1999 წელს ის საკმაოდ მიუახლოვდა ქორწინებითი შობადობის ინდექსის მნიშვნელობას.

ამდენად, კოულის ინდექსებიდან დასტურდება, რომ 1990-იან წლებში, საქართველოში, შობადობის კლება ძირითადად გამოწვეული იყო უფრო მეტად – რეპროდუქციულ ქცევაში მომხდარი ცვლილებებით და ნაკლებად – მოსახლეობის ქორწინებითი სტრუქტურის გაუარესებით.

2000 წელს შობადობის პოტენციალის რეალიზაციის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ 20-24 წლის ასაკის ქალები, თუმცა ისინი იყენებდნენ აღნიშნულ პოტენციალს მხოლოდ 23%-მდე.

1990 წელს საქართველოში დაიბადა 92,8 ათასი ბავშვი, მაშინ როცა მაქსიმალურად შესაძლებელი ჰიპოტეზურად დაბადებათა რაოდენობა 5-ჯერ მეტი იყო და 487,2 ათასს შეადგენდა, ხოლო 2000 წლისათვის 374,1 ათასამდე შემცირდა, თუმცა ამ წელს ფაქტობრივად მხოლოდ 50 ათასი ბავშვი დაიბადა (შეფასებითი მონაცემებით).

1960-2000 წლებში რეპროდუქციულ ქცევაში მომხდარი ცვლილებების შედეგად, 2000 წელს 1960 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა 20 წლამდე ასაკის ქალების შობადობის ინტენსივობა. 1970-1990-იან წლებში მატების შემდეგ, 2000 წლისათვის იგივე დონეზე დარჩა 20-24 წლის ასაკის ქალების შობადობის ინტენსივობა, ხოლო 25 და უფროსი ასაკის ქალების შობადობის ინტესივობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. ამასთან, 25-44 წლის ასაკის ქალების შობადობის კლებას მთელი პერიოდის განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

ცხრილი 2.  საერთო შობადობის კოულის ინდექსი 1990-2022 წწ.

 

საერთო შობადობის კოულის ინდექსი

1990

0.181

2000

0.105

2010

0.160

2014

0.188

2020

0.159

2022

0.148

კოულის საერთო შობადობის ინდექსიდან (ცხრილი 2) ჩანს, რომ 2000-2014 წწ. კოულის შობადობის ინდექსი 0.105ი-დან 0,188-მდე გაიზარდა და მაქსიმუმს 2014 წელს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ამ წლებში შემცირდა ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირება. მიუხედავად ფერტილური ასაკის ქალთა უცხოეთში მიგრაციისა გაიზარდა შობადობის ინტენსივობა, რის შედეგადაც 2010-2020 წ.წ არსებული დეპოპულაცია მოსახლეობის მარტივმა აღწარმოებამ შეცვალა. ეს მცირე, 20 წლიანი პერიოდის პოზიტიური „დემოგრაფიული გამონათება“ გამოიწვია 2007 წელს საქართველოს პატრიარქის ინიციატივამ მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვების მის მიერ ნათლობის შესახებ. ეს აბორტის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად დემოგრაფიული პოლიტიკის უნიკალური ღონისძიება აღმოჩნდა. ჯერ ერთი მესამე და შემდგომი რიგის დაბადებულ ბავშვთა ზრდის შედეგად შეიცვალა შვილიანობის სტრუქტურა მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვთა სასაგებლოდ, თუმცა შემცირდა პირველი და მეორე ბავშვთა წილი დაბადებულთა საერთო რაოდენობაში, რაც ნიშნავს, რომ შობადობის ზრდა ძირითადად 30 წელს გადაცილებულ ქალთა გადავადებული შობადობის შედეგია. აღნიშნულმა არსებითად გაზარდა დედის საშუალო ასაკი ნებისმიერი რიგითობის ბავშვის დაბადებისას 2005 და 2021 წლებისთვის. 2021 წელს დედის საშუალო ასაკი ყველა ბავშვის დაბადებისას 3.1 წლით მეტი იყო 2005 წელთან შედარებით, ხოლო რიგით პირველი შვილის დაბადებისას დედის საშუალო ასაკმა 2021 წელს 2.2 წლით გადააჭარბა 2005 წლის მაჩვენებელს და 26,2 წელი შეადგინა.

დიაგრამა 3. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტები 1961-2020 წწ.

 

წყარო: წულაძე გ. საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ. 2007. გვ. 16: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/319/dabadeba

მეტ-ნაკლებად შემცირდა აბორტების რაოდენობა 2000 წლის შემდეგ. მაგალითად, საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევებიდინ გამომდინარეობს, რომ აბორტის ჯამობრივი კოეფიციენტი 1997-2010 წწ. 3,7-დან 1.6-მდე შემცირდა. ამავე გამოკვლევიდან ირკვევა, რომ ხელოვნური აბორტისა და შობადობის თანაფარდობა 1999-2010 წწ. 2:1-დან 0,8:1-მდე დაეცა, რაც ნიშნავს, რომ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 2010 წელს პირვლად გადააჭარბა ხელოვნური აბორტების რაოდენობას.

დიაგრამა 3-ში მოტანილი 1961-1976 წწ. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის სტაბილიზაცია 2,64-2,55 ბავშვის დონეზე მიუთითებს ამ პერიოდში შობადობის სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად შობადობის შიგაოჯახური რეგულირების დასაწყისზე. ბორისოვის კოეფიციენტის თანახმად 1969-1970 წწ. ფერტილური ასაკის ქალთა რაოდენობრივი ზრდის პირობებში მცირდებოდა ბუნებრივი შობადობის ჰიპოტეზური მინიმუმის რეალიზაციის ხარისხი და მან ქალთა რეპროდუქციული პოტენციალის მხოლოდ 40,9% შეადგინა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ფერტილური ასაკის ქალთა რაოდენობას და „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების" დაკმაყოფილების ხარისხს შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა.

1990-2020 წლებში ემიგრაციით შემცირებული საქართველოს რეპროდუქციული პოტენციალის პირობებში, დემოგრაფიული ვითარების კოლაფსი მხოლოდ რეპროდუქციული ქცევით ნაკლებშესაძლებელი იყო, მასზე არადემოგრაფიულმა (პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვ.) ფაქტორებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

შობადობაზე პანდემიის გავლენის შედეგები უფრო მოგვიანებით გახდა ცნობილი, რადგან 2020 წლის ოქტომბრამდე იბადებოდნენ ის ბავშვები, რომელთა ჩასახვაც პანდემიამდე მოხდა.

2015 წლიდან ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის დაბალი ტემპით კლება მიმდინარეობს. პანდემიის პერიოდში შენარჩუნებული იყო კლების აღნიშნული ტემპი და რაიმე დამატებითი ფაქტორის ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ პანდემიის პერიოდში ადგილი ჰქონდა კლების ტენდენციის გაგრძელებას [კოპალეიშვილი ნ. 2023:160-161].

ცხრილი 3. საქართველოს მოსახლეობის შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტები (შჯკ) ბავშვთა დაბადების რიგითობის მიხედვით 1960-2000 წწ.

წელი

შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი

ბავშვთა დაბადების რიგითობa

1

2

3

4

5+

1960

2,56

0,900

0,737

0,445

0,236

0,264

1970

2,62

0,959

0,815

0,457

0,210

0,200

1980

2,26

1,100

0,746

0,273

0,086

0,056

1990

2,28

1,017

0,775

0,356

0,089

0,043

2000

1,66

0,861

0,553

0,180

0,045

0,022

2010

2,00

0.989

0.713

0.230

0.047

0.021

2020

2,00

0,768

0,716

0,388

0,094

0,034

2022

1,80

0,720

0,603

0,347

0,092

0,038

წყარო:  წულაძე გ. საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ. 2007. გვ. 16: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/319/dabadeba 

აღსანიშნავია, რომ დაბადებულ ბავშვთა რიგითობის შემცირება ძირითადად განაპირობა 1980-იანი წლებიდან ოჯახში ფორმირებულმა ბავშვთა ცენტრიზმის განვითარებამ, რომელიც თავის მხრივ მეორე დემოგრაფიული გადასვლის შედეგია. ამას ადასტურებს ცხრილი-3-ში მოტანილი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის სტრუქტურული ფორმირება ბავშვთა რიგითობის მიხედვით. კერძოდ, 1980 წლიდან მესამე და შემდგომი რიგითობის შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტების შემცირება, ხოლო პირველ და მე-2-ე ბავშვთა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტების ზრდა. სწორედ ამ პერიოდიდან აღინიშნება ოჯახში მრავალშვილიანობასთან შედარებით მცირე შვილიანობის პრიორიტეტი, რაც განაპირობა ოჯახის მოთხოვნილებათა სისტემაში მატერიალურ და სხვა სოციალურ ღირებულებებთან შედარებით ბავშვის ყოლის ფასეულობის უკანა რიგებში გადინაცვლებამ. ოჯახმა აქცენტი ბავშვთა რაოდენობის ნაცავლად მის ხარისხობრივ ზრუნვაზე (განათლება, კარიერა, სპორტი, კულტურა და სხვ.) გადაიტანა, რის შედეგადაც მრავალშვილიანი ოჯახი ვეღარ უზრუნველყოფდა ბავშვის ხარისხობრივი აღზრდისთვის საჭირო ხარჯებს. ამან კი განაპირობა მცირეშვილონობის ერის დაწყება, რაც დღესაც გრძელდება.

ბუნებრივია იბადება კითხვა: რამ განაპირობა ძირითადად შობადობის შემცირება საქართველოში? უფრო რეპროდუქციული ქცევის ცვლილების კანონზომიერებამ თუ არადემოგრაფიულმა (სოციალურ-ეკონომიკური და სხვ.) ფაქტორებმა? ვფიქრობთ, ქვეყანაში რომ არ გაუარესებულიყო პოლიტიკური (სამოქალაქო ომი, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ოკუპაცია და სხვ.), სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და მათთან ერთად არ გაზრდილიყო უცხოეთში მიგრაციული პროცესები, თუნდაც დაბალი რეპროდუქციული ქცევის დაბალი დონის (მარტივი აღწარმოების დონესთან ახლოს) პირობებში, ნაკლები დემოგრაფიული დანაკარგები გვექნებოდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინტიტუტის სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 1995 წლის შემდეგ დაბადებულ რესპოდენტთა 44.2 პროცენტის ოჯახში არ იყო 16 წლამდე ასაკის არც ერთი ბავშვი. განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა ასეთი რესპოდენტების რაოდენობა 16-19 ასაკის რესპოდენტების ოჯახებში, რომელთა ნახევარზე მეტში (52.2%) 16 წლამდე ასაკის არც ერთი ბავშვი არ არის. ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამ ასაკის რესპოდენტთა ოჯახების ნახევარზე მეტში ბავშვი არ დაბადებულა. იმ რესპოდენტთა შორის კი, რომელთა ოჯახებში 16 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი საშუალოდ მხოლოდ 1.55-ია. თვით 30-39 ასაკის რესპოდენტთა ოჯახებში, რომელთა ასაკიც ფაქტობრივად საუკეთესოა ფერტილობისა და ბავშვთა ყოლის თვალსაზრისით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1.75-ს შეადგენს, რაც დეპოპულაციას ნიშნავს და მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვისაც კი (2.15) არაა საკმარისი, რომ აღარაფერი ვთქვათ მარტივი აღწარმოებისთვის ოჯახში საჭირო შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტზე (2, 6 ბავშვი).

რესპოდენტების აზრით, ოჯახში დაბადებულ ბავშვთა ოპტიმალური რაოდენობა საშუალოდ 2.74-ია. ეს რიცხვი აღემატება როგორც მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის საჭირო ბავშვების რაოდენობას ყოველ ქალზე (2.15) და მასთან ერთად ოჯახში დაბადებულ ბავშვთა აუცილებელ რაოდენობას (2,6 ბავშვი).

სოციოლოგიურმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ბავშვების ოპტიმალურ რაოდენობაზე რესპონდენტ მამაკაცებს და ქალებს იდენტური წარმოდგენა და რაოდენობრივი თანხმობა (2.74) აქვთ. ამასთან, მათ მიერ დასახელებული ბავშვების ოპტიმალური რაოდენობა აღემატება ბავშვების რაოდენობას საკუთარი მშობლების ოჯახებში, თუმცა მცირეოდენი სხვაობით - ქალ-რესპოდენტთა ოჯახებში უფრო მეტი ბავშვი იყო, ვიდრე რესპოდენტ-მამაკაცთა ოჯახებში.

ამასთან, რესპოდენტების 2.1 პროცენტს არ სურთ ბავშვის ყოლა, ხოლო დანარჩენი 97.9 პროცენტის მიხედვით, ვისაც სურს ბავშვის ყოლა, საშუალო მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა ბავშვების რაოდენობას მათი მშობლების ოჯახებში (2.47 vs. 2.46). ამასთან, რესპოდენტ მამაკაცებს საკუთარ მშობლების ოჯახში არსებული ბავშვების რაოდენობაზე მეტი შვილის ყოლა სურთ, ქალ-რესპოდენტებს კი პირიქით - უფრო ნაკლები ბავშვის ყოლა.

რესპოდენტთა მშობლებს, მამაკაცებსაც და ქალებსაც, ბავშვების ფაქტობრივად თანაბარი რაოდენობის ყავთ (საშუალოდ ერთ ოჯახში - 1.96 ბავშვი). ის, რომ ქალი რესპოდენტები უფრო მოკრძალებულად აფასებენ საკუთარი ბავშვების სასურველ რაოდენობას ოჯახებში მამაკაც-რესპოდენტებთან შედარებით, გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას ბავშვების მოვლის, აღზრდისა და სწავლების სიმძიმის დიდი ნაწილის სწორედ ქალთა მხრებზე, მათი ფიზიკური და ემოციური დატვირთვაზე გადავლით.

რესპოდენტთა 2/5-ზე მეტი (41.3%) აღარ აპირებს მომავალში დამატებით, მეტი შვილის ყოლას. მათგან კი, ვინც აღნიშნულ კითხვას დადებითად უპასუხა, საშუალოდ ყოველ ასეთ რესპოდენტზე 1.96 ბავშვი მოდის. მაგრამ თუ დამატებითი ბავშვების ყოლის მაჩვენებელს რესპოდენტთა საერთო რაოდენობაზე გადავანაწილებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებიანი რესპოდენტების წილი მხოლოდ 56.1 პროცენტია, გამოდის რომ საშუალოდ ერთ ქალზე ბავშვების რაოდენობრივი მატების პოტენციალი სასურველი ბავშვების სახით მხოლოდ 0.55 ბავშვია. ფაქტობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით (1.10 ბავშვი ერთ ქალზე), მიღებული მაჩვენებელი 1.65 ბავშვი ერთ ქალზე (=1.10 + 0.55) მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის მარტივი აღწარმოების მაჩვენებელს მოსახლეობის ათას სულზე (2,1 ბავშვი), რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახში ამ მიზნით საჭირო მაჩვენებელზე (2,6 ბავშვი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს ერის გამრავლების პრობლემა, გააჩნია მისთვის საჭირო რაოდენობის ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება, მაგრამ მის სრულ რეალიზაციას ვერ/არ ახდენს, რისი მიზეზიც ძირითადად ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო და სხვა მიზეზებში უნდა ვეძიოთ, რაც აღნიშნულ სფეროში სერიოზულ მენტალურ, ქცევით და ეკონომიკურ პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.

გამოკითხული რესპოდენტების მესამედზე მეტი (33.5%) თვლის, რომ იმდენი ბავშვი ყავთ, რამდენიც სურდათ. დანარჩენებიდან: დაახლოებით 60 პროცენტი სასურველზე ნაკლები ბავშვის ყოლას უკავშირებს სხვადასხვა ეკონომიკურ და ყოფით პრობლემას (ცუდი საბინაო პირობები, სამუშაო, კარიერა, ფინანსური პრობლემები), 40 პროცენტი კი პირად და ოჯახურ პრობლემებს (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური უთანხმოებანი და ბავშვების აღზრდის სირთულე).

სასურველი რაოდენობის ბავშთა ყოლის თვალსაზრისით რესპოდენტებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორთაგან მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. ასეთად მიიჩნიეს რესპოდენტთა 30.7 პროცენტმა. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 1.5-ჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ოჯახი (22.2%). აღსანიშნავია, რომ მატერიალური მდგომარეობის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაც რესპოდენტებში რამდენადმე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში (შესაბამისად, 35.0% და 28.1%).

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებში საკმაოდ მოკრძალებული წილი დაიკავეს კარიერამ (6.7%) და პირადმა დამოუკიდებლობამ (9.6%). რიგითობით მეორე და მესამე მნიშვნელობის ფაქტორებში დასახელებული ფაქტორების მნიშვნელობა რამდენადმე იზრდება, თუმცა რადიკალური ცვლილება რესპოდენტთა პრიორიტეტებში მაინც ვერ შეაქვთ. კერძოდ, მესამე ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებში კარიერის წილი იზრდება 12.0 პროცენტამდე, ხოლო პირადი დამოუკიდებლობისა - 13.7 პროცენტამდე.

დასკვნა

როგორც შობადობის ანლიზმა გვიჩვენა ბეიბუმის პერიოდში არსებული მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების შობადობის დონიდან დეპოპულაციას 50 წელი დასჭირდა. დღეისავის უკვე სამი წელია (2020-2022 წ.) საქართველოს ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია - ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვალებათა რაოდენობამ 24776-ით გადააჭარბა დაბადებულთა რიცხოვნობას. ამასთან, ზედიზედ 8 წელია (2015 წლიდან), ქვეყანაში წინა წელთან შედარებით ნაკლები ბავშვი იბადება, რის გამოც 2022 წელს დაბადებულთა რაოდენობა 2014 წლისას 30.2 პროცენტით (18.3 ათასით) ჩამორჩა.

რამდენი ბავშვი უნდა იყოლიოს ოჯახმა არსებული დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად, თუნდაც მოსახლეობის მარტივი აღწარმოებას დონის უზრუნველსაყოფად?

საყოველთაო დემოგრაფიულ კრიტერიუმად მიღებულია – მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთი ქალის მიერ 2,15 ან ერთი გათხოვილი ქალის (ოჯახის) მიერ 2,6 ბავშვის შობა ეფექტიან ქორწინებაში – ბავშვთა იმ რაოდენობის საიმედო რიცხვია, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისათვის დეპოპულაციის თავიდან ასაცილებლად [სულაბერიძე ა., წულაძე გ....2019:120].

ცნობილი დემოგრაფის ვ. ბორისოვის მიერ გაანგარიშებულ იქნა საოჯახო სტრუქტურა ბავშვების რიცხვის მიხედვით, რომელიც საკმარისია მოსახლეობის მიღწეული რიცხვის შესანარჩუნებლად მომავალში (ერთ ქალზე ბავშვთა საშუალო რიცხვი – 2,15 – რომელშიც შედის ოჯახების 2% – 4 და მეტი შვილით, 14% – 4 შვილით, 35%-ს – 3 შვილით, 35% – 2 შვილით, 10% –ერთი შვილით და 4% – უშვილო ოჯახები)[В. Борисов. 1987:203], თუმცა ზოგიერთი მეცნიერი არ აღიარებს ამ კრიტერიუმს.

რამდენად შეესაბამება ამ კრიტერიუმს საქართველოში ოჯახში შვილიანობის სტრუქტურა?

ცხრილი 4. დაბადებულ ბავშვთა რიგითობის %-ული განაწილება მთელ დაბადებულებში, 1994-2022 წწ.

 

დაბადების რიგითობა

I

II

III

IV

V+

1994

54.1

32.3

9.8

2.6

1.2

2000

51.9

33.3

10.8

2.7

1.3

2005

58.6

29.7

8.7

2.0

0.9

2010

49.4

35.7

11.5

2.4

1.1

2014

43.6

38.2

14.4

2.7

1.1

2020

38.4

35.8

19.4

4.7

1.7

2022

40.0

33.5

19.3

5.1

2.1

წყარო:  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/319/dabadeba

გავრცელებული შეხედულება, რომ მოსახლეობის აღწარმოება მესამე შვილიდან იწყება დღესათვის მოძველებულია და სტატისტიკურად არ დასტურდება. მხოლოდ მესამე შვილი მომავალი თაობის შესაცვლელად არასაკმარისია. თავი რომ დავანებოთ სტატისტიკურ გამოთვლებს, ოჯახში არსებული სამი შვილიდან ერთიც რომ ქორწინების გარეშე დარჩეს, ან გარდაიცვალოს დარჩენილი 2 შვილი არ ჰყოფნის თაობის ცვლას.

ეხლა განვიხილოთ სტატისტიკურად მერამდენე ბავშვიდან იწყება მოსახლეობის აღწარმოება. გამოვიყენოთ ისევ ვ. ბორისოვის შემოთავაზებული მეთოდი [В. Борисов. 1976: 228] რომლის თანახმად მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის სიდიდე უნდა გავამრავლოთ მთელ დაბადებულებში თითოეულ ბავშვთა რიგითობის წილზე და მიღებული მაჩვენებლები შევკრიბოთ თანამიმდევრობთ ბავშვთა რიგითობის მიხედვით და გავიგებთ შეკრებილი მაჩვენებლებიდან ბავშვთა რომელ რიგითობაზე მიაღწევს 1-ს, რომლიდანაც იწყება გამრავლება.

ცხრილი 5. საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის განაწილება ბავშვების დაბადების თვითოეულის რიგითობები ჯამის მიხედვით

წელი

1

1-2

1-3

1-4

1-5

1-6

1-7

1-8

1-9

1-9

1-10

1-11+

2014

0.47

0.89

1.05

1.08

1.09

1.09

1.09

1.09

1.09

1.09

1.09

1.09

2020

0.35

0.69

0.87

0.91

0.92

0.92

0.93

0.93

0.93

0.93

0.93

0.93

2022

0.34

0.63

0.80

0.84

0.86

0.86

0.86

0.86

0.86

0.86

0.86

0.86

მე-5 ცხრილში მოტანილია ვ. ბორისოვის მეთოდით საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის შეჯერება ბავშვებთა დაბადების რიგითობის მიხედვით ცალკეულ წლებში, რომელიც გვიჩვენებს, რომ თუ 2014 წელს მოსახლეობის აღწარმოება იწყებოდა მესამე ბავშვიდან [1+(1-2)+(1-2-3)] = 1,05), 2020 წლის შემდეგ მოსახლეობის გამრავლებისთვის 11 ბავშვიც არ არის საკმარისი. რამდენადაც ნეტო კოეფიციენტის ბავშვების არსებულ რაოდენობასთან შეჯერებული მაჩვენებელი 1-ზე ნაკლებია. ეს უკანასკნელი განაპირობა მთელ დაბადებულებში ამ წელს პირველ და მეორე ბავშვთა რიგითობის შემცირებამ.

ბუნებრივია დღევანდელ პირობებში 11 და მეტი ბავშვის ყოლა ოჯახში ნაკლებად სავარაუდოა. აღნიშნული რაოდენობა ნაკლები იქნებოდა თუ დაბადებულთა შორის მეტი იქნებოდა რიგითობით პირველიდან მეოთხე დაბადებული ბავშვი. ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისას მოსახლეობის აღწარმოებისთვის უფრო რეალურია, სკოლის ასაკის ბავშვებში მე-3 და მე-4 ბავშვის ყოლის მოთხოვნილების ფორმირებისთვის, აქცენტის აღება 4-5 ბავშვის ყოლის პროპაგანდაზე.

ქვემოთ მოტანილი გვაქვს 2022 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის აღწარმოებისათვის ფაქტობრივად არსებული და ბავშვთა საჭირო რაოდენობის მოდელირებული ვარიანტი მხოლოდ პირველი ბავშვის წილის ზრდის შემთხვევაში მთელ დაბადებულებში (იხ. ცხრილი 5).

ცხრილი 5. 2022 წელს მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის ფაქტობრივად არსებული და საჭირო რაოდენობის ბავშვთა დაბადების მაჩვენებლები რიგითობის მიხედვით

 

სულ

დაბადების რიგითობა:

I

II

III

IV

V+

არ არის მითითებული

ფაქტობრივად:

 

 

 

 

 

 

 

დაბადება

42319

16544

14169

8176

2167

898

365

სტრუქტურა, %

100.0

39,1

33,5

19,3

5,1

2,1

0,9

მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის (მიგრაციული სალდოს გარეშე) საჭირო დაბადებათა რაოდენობა

49440

19628

16612

9591

2571

1038

-

სტრუქტურა, %

100.0

39,7

33,6

19,4

5,2

2,1

-

დეფიციტი

7121

3084

2443

1415

404

140

-

როგორ უნდა გადანაწილდეს დეფიციტის შესავსებად საჭირო ბავშვების რაოდენობა, %

100.0

43,3

34,3

19,9

5,7

2,0

-

ფაქტობრივთან შედარებით რამდენად მაღალი უნდა ყოფილიყო შობადობა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მოსახლეობის მარტივი აღწარმოება, %

16,8

18,6

17,2

17,3

18,6

15,6

-

2022 წელს, მიგრაციული სალდოს გათვალისწინების გარეშე, საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის ნულოვანი დონის (მოსახლეობის მარტივი აღწარმოება) უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იქნებოდა საქართველოში დაბადებულიყო, ფაქტობრივთან შედარებით, 7121-ით (16.8%-ით) მეტი ბავშვი.

აღნიშნული დემოგრაფიული დეფიციტის დასაძლევი ტვირთი ძირითადად უნდა უზრუნველყოს რიგითობით პირველ ბავშვთა რაოდენობის ზრდამ. 2022 წლის დემოგრაფიული მონაცემების საფუძველზე, თუ დეფიციტის დასაძლევად საჭირო იყო შობადობის მაჩვენებლის ზრდა 16.8 პროცენტით, დაბადებულთა შორის რიგითობით პირველ ბავშვთა ზრდა უნდა ყოფილიყო 18.6 პროცენტი.

არის თუ არა ეს შესაძლებელი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავითვალისწინოთ მრავალი სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორი, მათ შორის ის გარემოებაც, რომ შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება აისახა არა მარტო აბსოლუტური მაჩვენებლების კლებასა და მათ ხარისხობრივ გაუარესებაში, არამედ 2022 წელს დამყარებულ კიდევ ერთ ანტირეკორდშიც. კერძოდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვლილ თითქმის სამ ათეულ წელიწადში (1994-2022 წწ.) რიგითობით დაბადებულ პირველ ბავშვთა რაოდენობის თანაფარდობა ქორწინებათა საერთო რაოდენობასთან შეადგინდა 110.3 პროცენტს. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 63.5 პროცენტს (ისტორიული მინიმუმი).

მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის 2022 წლის მიხედვით დაბადებულთა შორის რიგითობით პირველ ბავშვთა რაოდენობა, ფაქტობრივთან შედარებით, უნდა ყოფილიყო დაახლოებით 3.1 ათასით მეტი. ასეთ შემთხვევაში რიგითობით პირველი ბავშვების რაოდენობის თანაფარდობა 2022 წლის ქორწინებათა რაოდენობასთან გაიზრდებოდა ფაქტობრივი 63.5 პროცენტიდან 75.4 პროცენტამდე, ანუ თითქმის გაიმეორებდა წინა, 2021 წლის მაჩვენებლის დონეს (2021 წ. = 74.3%).

აღნიშნული მოდელირებული ვარიანტი შესაძლებლობას იძლევა წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს შობადობის მაჩვენებლები იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს ბუნებრივი მოძრაობის ნულოვანი დონე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს მიგრაციული უარყოფითი სალდოს ტრენდს (2022 წელს საქართველოს მოქალაქეთა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ თითქმის 4.5 ათასით გადააჭარბა ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობას), ამ უკანასკნელის ნიველირებისათვის საჭიროა შობადობის თვისებრივად გაცილებით მაღალ დონეზე გასვლა და ამჟამინდელთან შედარებით სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით აქტიური და მასშტაბური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. არჩვაძე ი. გლობალიზაცია და ეგზოგენური ფაქტორების გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჟ. „გლობალიზაცია და ბიზნესი“. №5. გვ. 65-70
  2. არჩვაძე ი. (2019). დემოგრაფიული ცვლილებების ასახვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებში (საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თანამედროვე პრობლემები. გვ. 488-493
  3. კოპალეიშვილი ნ. (2023). COVID-19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაზე. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. გვ. 160-161.
  4. ლორთქიფანიძე ვ. (1998). ისტორიული მესხეთი: დემოგრაფიული განვითარების პრობლემები. თბ., „მეცნიერება“, 220 გვ.
  5. მენაბდიშვილი ლ., სულაბერიძე ა. (2016). შობადობის შიდაოჯახური კონტროლი. კოლექტიური მონოგრაფია „საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი“. თბილისის სასულიერო აკადემია. გვ. 69-74
  6. სულაბერიძე ა. (2017). ახალგაზრდობის შობადობის ტენდენციები 1959-2015 წწ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. თბ., გვ. 22-28
  7. სულაბერიძე ა. (2018). საქართველოს დემოგრაფიული მოდერნიზაცია. მონოგრაფია თბ., „ზენაარი“. 240 გვ.
  8. სულაბერიძე ა. სულაბერიძე ვ. (2019). უახლესი დემოგრაფიული მდგომარეობა – დეპოპულაციის სტარტი საქართველოში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების აქტუალური პრობლემები. გვ. 91-95
  9. სულაბერიძე ა., წულაძე გ., გვრიტიშვილი ც., გომელაური ნ. (2019). ოჯახის სოციოლოგიის საფუძვლები. თბ., „ზენაარი“, გვ. 120.
  10. სულაბერიძე ა. (2019). SOS- დეპოპულაცია საქართველოში!!! სამეცნიერო კრებული „ისტორიანი“. გამომცემლობა „არტანუჯი“. გვ. 797-812
  11. სულაბერიძე ვ. (2017). დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუცია საქართველოში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული „ეკონომიკური განვითარების სრტუქტურული და ინოვაციური პრობლემები“. გვ. 450-454
  12. სულაბერიძე ვ. (2018). მოსახლეობის აღწარმოების უახლესი „ცივილიზებული“ ტიპი თუ დეპოპულაციური ტიპი? საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული „ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“. გვ. 419-424
  13. წიკლაური შ., შუშტაკაშვილი ვ. (2014). შობადობა და რეპროდუქციული ქცევა საქართველოში. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. თბ., გვ. 55-62
  14. წულაძე გ., სულაბერიძე ა., მაღლაფერიძე ნ., მამარდაშვილი გ. “საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ”. 2007.
  15. წულაძე გ., სულაბერიძე ა. (2016). საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები. თბ., 90 გვ.
  16. В. А. Борисов. (1076). Перспективы рождаемости. Москва. Статистика.
  17. В. А. Борисов. (1987). Воспроизводство населения и демографическая политика в СССР. М., стр. 203.
  18. Coale A. (1965). Factors associated with the development of low fertility a historic summary. U.N., World Population Conference. Belgrad.
  19. Coale A. (1969). The decline of fertility in Europe from the French Revolution to World War II. In: Fertility and family planning. A world view. The University of Michigan press.
  20. https://www.geostat.ge


[1] ჩვენი აზრით, მხოლოდ კეთილდღეობის ზრდის და ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესების შედეგად, ჩვილთა მოკვდაობის შემცირების და მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გამო, დეპოპულაციის პირობებში ჩამოყალიბებულ უახლეს ტიპს პროგრსულის ნაცვლად უფრო შეესაბამება რეალურად არსებული დეპოპულაციური ტიპი [სულაბერიძე ა. სულაბერიძე ვ. 2019: 91-95].

[2] 1958-1970 წწ. – ვ. ა. ბორისოვის გაანგარიშებით. [В. А. Борисов. 1976: 66]

[3] კოულის მიერ შემოთავაზებული ინდექსები:

  1. საერთო შობადობის ინდექსი (If) – უჩვენებს იმას, თუ რომელიმე კონკრეტულ მოსახლეობაში ქალების მიერ დაბადებული ბავშვების რაოდენობა რა ხარისხით უახლოვდება დაბადებათა იმ რაოდენობას, რომლებსაც ისინი იყოლიებდნენ, თუ მათთვის დამახასიათებელი იქნებოდა შობადობის მაქსიმალური მაჩვენებლები;
  2. ქორწინებითი შობადობის ინდექსი (Ig) – უჩვენებს, თუ რა ზომით უახლოვდება (ან განსხვავდება) ფერტილური ასაკის დაქორწინებული ქალების მიერ დაბადებული ბავშვების რაოდენობა მაქსიმალურად შესაძლებელ ქორწინებაში დაბადებულთა რაოდენობისაგან;
  3. ქორწინების გარეშე შობადობის ინდექსი (Ih) – უჩვენებს ფერტილური ასაკის გაუთხოვარი ქალების მიერ დაბადებული ბავშვების რაოდენობის მსგავსება – განსხვავების ხარისხს მაქსიმალურად შესაძლებელ ქორწინების გარეშე დაბადებულთა რაოდენობისაგან;
  4. ფერტილური ასაკის გათხოვილ ქალთა წილის ინდექსი (Im) – უჩვენებს, თუ რა ზომით უწყობს ხელს ქორწინებაში ყოფნა მაქსიმალურად შესაძლებელი შობადობის მიღწევას.